„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიების ქცევის კოდექსის იდეის „მიტაცებაში“ ადანაშაულებს
„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიების ქცევის კოდექსის იდეის „მიტაცებაში“ ადანაშაულებს
12:36 01.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიების ქცევის კოდექსის იდეის „მიტაცებაში“ ადანაშაულებს.

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიებისთვის ქცევის წესების შემუშავების ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძოდ - კამპანია „ეს შენ გეხებას“ ეკუთვნის.

„პოლიტიკურ პარტიებზე მონიტორინგის გაწევის კუთხით არასამთავრობებმა გადაწყვიტეს დოკუმენტი შეექმნათ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებოდა და კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და დემოკრატიული არჩვენების ჩატარების ერთგვარ გარანტად იქცეოდა“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად არასამთავრობების ინიციატივისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტის შექმნის იდეა „მიიტაცა“ და საზოგადოებას თავის ინციატივად წარუდგინა.

გარდა ამისა, „ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული 17 პუნქტიანი დოკუმენტის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტში მეხუთე პუნქტად დამატება და მასში სისხლის სამართლის კოდექსით და საარჩევნო კანონმდებლობით ისედაც დასჯადი ქმედებების შეტანა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა „ქართულ ოცნებას“ გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა პარტიების ქცევის დეკლარაციას შეუერთდეს.


ბეჭდვა