არჩევნებში მონაწილების მისაღებად ცესკოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარეგისტრირდა
არჩევნებში მონაწილების მისაღებად ცესკოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარეგისტრირდა
16:43 31.07.2012
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარეგისტრირდა.

რეგისტრაციის შესახებ განცხადება ცესკოში პარტიის თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა შეიტანეს.

კობახიძის განმარტებით, პარტიას მხარდამჭერთა სიების წარდგენა არ სჭირდება, რადგან მისი ორი წევრი კარლო კოპალიანი და რომან მარსაგიშვილი დეპუტატები არიან.

მისი თქმით, ცესკოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 27-ე ნომრად დარეგისტრირდა.

დღესვე, არჩევნებში მონაწილების შესახებ განაცხადი საარჩევნო კომისიაში „კონსერვატორულ-მონარქისტულმა პარტიამაც“ შეიტანა.

ამ დროისთვის, ცესკო-ში განაცხადი 29 პოლიტიკურ პარტიას აქვს შეტანილი, მათ შორის არიან, როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები.

ამასთან, არაკავალიფიციურ პოლიტიკურ პატიებს საარჩევნო კომისიაში განაცხადის შეტანის ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურებათ.

ცესკო-ს მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებისთვის რეგისტრაცია ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე გაიარა და ესენი არიან - „ახალი მემარჯვენეები“, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნებიდან არაუგვიანეს 57-ე დღისა.

თუ პარტია არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია არაუგვიანეს 15 აგვისტოსა, ცესკოს 25 ათასიანი, ხოლო კვალიფიციურმა სუბიექტმა პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა სულ ცოტა - 1 000 ამომრჩევლის სია წარუდგინოს.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციას , არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.

პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.

საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში ტარდება.

არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.

საქართველოს პარლამენტის 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ბეჭდვა