კოკა გუნცაძე კაციტაძის კომისიას აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს
კოკა გუნცაძე კაციტაძის კომისიას აქტუალურ კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს
15:40 31.07.2012
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგის“ ხელმძღვანელი კოკა გუნცაძე ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, რომ საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცენ.

როგორც გუნცაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველ ხალხს აინტერესებს მკაფიო პასუხები კითხვებზე - რამდენი ამომრჩეველია საქართველოში, რამდენი ადამიანია გასული ქვეყნის გარეთ, ასევე, რამდენია მიწერილი ან დაუზუსტებელი ამომრჩეველი.

„კომისიას მოვუწოდებთ, დადოს ამომრჩეველთა ერთიანი სია და აქტუალურ კითხვებს კონკრეტული პასუხები გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ფალსიფიცირებისთვის ემზადება და ამაში მონაწილოებას არავის ვურჩევ“ - განაცხადა გუნცაძემ.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო კომისიის მიერ დღეს გამართული ღონისძიება კიდევ ერთ ფარსს წარმოადგენდა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

ამასთან, გუნცაძის თქმით, ამომრჩეველთა ლიგა ხვალ ალტერნატიული „კარდაკარის“ შედეგებს გამოაქვეყნებს.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიამ „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა. კომისიის თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის თქმით, პროექტის ფარგლებში 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემი გადამოწმდა. ამათგან, ზუსტია 2 160 608 მონაცემი, დაზუსტებები შევიდა 39 426 პირად მონაცემში, სიაში გამოტოვებულია 72 ამომრჩეველი, გარდაცვლილია 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 471 ამომრჩეველი,
რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 ამომრჩეველი, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო 183 621-თან კონტაქტი ვერ დამყარდა.

ბეჭდვა