„ქართული ოცნების“ წევრები არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ
„ქართული ოცნების“ წევრები არჩევნების გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ
15:15 31.07.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ეკა ბესელიამ და თეა წულუკიანმა დღეს, არჩევნების  გაყალბების ფაქტზე მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, საჩივარი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაძალადევის რაიონში კენჭისყრის შედეგების გაყალბების ფაქტს ეხება.

კოალიციის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის მიერ ერთ-ერთ სატელევიზო არხზე გაკეთებული განცხადების გამოძიებას ითხოვენ.

„აღნიშნული გაყალბების ფაქტზე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მასალა 5 ივლისს მივიღეთ, როდესაც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა გავიდა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი კოორდინატორი ქალბატონი წიკლაური არჩევნების გაყალბების მეთოდებზე საუბრობდა“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, ყოფილმა კოორდინატორმა არჩევნების გაყალბების ის სქემა გაშიფრა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წლის საპარლამენტო არჩვენებზე აქტიურად იყენებდა.

ბესელიას განცხადებით, ეს სარჩელი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მმართველმა გუნდმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მსგავსი სქემებით მანიპულირება ვეღარ შეძლოს.

ბეჭდვა