არჩევნების გადამოწმებული სიებით ჩატარებას მონიტორინგს „სამართლიანი არჩევნები“ გაუწევს
არჩევნების გადამოწმებული სიებით ჩატარებას მონიტორინგს „სამართლიანი არჩევნები“ გაუწევს
15:11 31.07.2012
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ „კარდაკარის“ სამუშაოების დასრულებით საარჩევნო გარემოს  გაუმჯობესების პროცესი არ დასრულებულა.

როგორც ლომჯარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გადამოწმებული სია საარჩევნო უბნებზე მოხვდეს.

ლომჯარიას თქმით, აღნიშნულ საკითხს ორგანიზაცია მონიტორინგს გაუწევს.

მისივე თქმით, „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის საქმიანობის მონიტორინგს მისი შექმნის დღიდან ახორციელებს. ორგანიზაცია ჩართული იყო „კარდაკარის“ მეთოდოლოგიის შექმნის პროცესში. ასევე, რეგისტრატორთა შერჩევისა და ტრენინგების პროცესს აკვირდებოდა.

„კარდაკარის“ პროცესში დაახლოებით, 9 ათასი მისამართის გადამოწმებას დავესწარით, მისი დასრულების შემდეგ კი, გადავამოწმეთ ათასამდე მისამართი, რათა დაგვედგინა, რეალურად იყო თუ არა კომისია მისული ამ მოქალაქეებთან“ - აღნიშნა ლომჯარიამ.

ორგანიზაცია კომისიის მუშაობისა და მის მიერ გაწეული საქმიანობის სრულყოფილ ანალიზს საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაცია დღეს გამართა.

პროექტის ფარგლებში 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემი გადამოწმდა. მათგან, ზუსტია 2 160 608 მონაცემი. დაზუსტებები შევიდა 39 426 პირად მონაცემში, სიაში გამოტოვებულია 72 ამომრჩეველი, გარდაცვლილია 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 471 ამომრჩეველი,
რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 ამომრჩეველი, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო 183 621-თან კონტაქტი ვერ დამყარდა.



ბეჭდვა