თბილისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი“ წევრი ზაზა გაბუნია თბილისის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს ხელისუფლების მიერ საკუთარ საარჩევნო
ამოცანებზე მორგების მცდელობად აფასებს.
როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ თანხები ისეთი მწვავე პრობლემების მოგვარების საკითხს მოაკლო, როგორიცაა სოციალური დაცვა და ავარიული სახლების გამაგრება.
მისი თქმით, აღნიშნული თანხები მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიისთვის გამოსადეგი ღონისძიებებისთვის, კერძოდ კი, კულტურული და სპორტული პროგრამების განსახორციელებლად გადამისამართდა.
„კულტურული და სპორტული ღონისძიებების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ვეწინააღმდეგებით ბიუჯეტისა და ხალხის მიმართ სრულიად არასახელწმიფოებრივ მიდგომას და დამოკიდებულებას. სოციალური პროგრამები და ავარიული სახლების რეაბილიტაცია ასობით თბილისელისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია“ - განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდისა, თბილისის ბიუჯეტი საკუთარი ამოცანებისთვის არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გამოიყენოს.
თბილისის ბიუჯეტში 30 ივნისს შესული ცვლილებების თანახმად, 40 მილიონი ლარი კულტურული და სპორტული პროგრამების განსახორციელებლად გამოიყო. 5 მილიონ ლარზე მეტი ავარიული სახლების გამაგრების სამუშაოებს, ხოლო 3 მილიონამდე ლარი სოციალური პროგრამების განხორციელებას მოაკლდა.
