პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ხელისუფლება პატიმრებს ვადამდე
ადრე გათავისუფლებას იმ შემთხვევაში პირდება, თუ ისინი ე.წ. ზონდერ-ჯგუფებში გაწევრიანდებიან.
როგორც ქვარაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია „ქართულ ოცნებას“ პატიმართა ოჯახის წევრებმა მიაწოდეს, რომლებმაც კოალიციას დახმარება სთხოვეს.
მისი თქმით, პატიმრების ოჯახის წევრებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერისა და საარჩევნოდ ხმების შეგროვების სანაცვლოდ, მსჯავრდებულის პირობების გაუმჯობესებას პირდებიან, ხოლო ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში - ე.წ ზონდერ-ჯგუფებში გაწევრიანებას სთავაზობენ.
„მივმართავთ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს უმსგავსო და სამარცხვინო კამპანია, შეწყვიტოს ვაჭრობა და ძალადობა პატიმრობაში მყოფი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ“ - განაცხადა ქვარაიამ.
მისივე ინფორმაციით, ზეწოლა მიმდინარეობს პრობაციონერებზეც, რომლებსაც სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ ავალებენ, საკუთარი უბნებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ 20-30 ხმა მოაგროვონ.
