ეროვნული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საჩვენებელი ლექცია ჩატარდა
ეროვნული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საჩვენებელი ლექცია ჩატარდა
22:03 28.12.2018
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, ეროვნული სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ერუდიციის ცენტრის „სოფიქსის“ წარმომადგენელმა „სპორტსმენთა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა ინტელექტის ამაღლების სპეციალური კურსის შესახებ“ საჩვენებელი ლექცია ჩაატარა.

სპორტსმენებისთვის და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებისთვის გამართული შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა.

მისი განცხადებით, ერუდიციის ცენტრის, „სოფიქსის“ მიერ მომზადებული სასწავლო კურსი ახალგაზრდა სპორტსმენებს განათლების ამაღლებაში და სპორტული მიღწევების მოპოვებაში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სასაწავლო კურსის დანერგვით, კომიტეტი ერთგვარ დევიზს - „განათლებაში მეტი სპორტი და სპორტში მეტი განათლება“ ამკვიდრებს.

კომიტეტის თავმჯდომარე ორი დღის წინ გამართულ წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოვების ცერემონიალსაც შეეხო და ქართველ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს აღნიშნული ტიტულის მოპოვება მიულოცა.

„ქართველი სპორტსმენების წარმატებები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი გვეყოლება. ჩვენი მიზანია, რომ ეს წარმატებები სტაბილური გახდეს, სტაბილურობა კი დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად მოდის. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას წარმოდგენს დღევანდელი შეხვედრა, სადაც სპორტის სფეროებში ჩართული ადამიანები არაფორმალური განათლების პროგრამის საპილოტე ვერსიას გაეცნობიან“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეხვედრაზე ერუდიციის ცენტრის „სოფიქსის“ წარმომადგენელმა, გიორგი გოგელიამ ღონისძიების მონაწილეებს პრეზენტაციის ფორმით სასწავლო პროგრამის ძირითადი ასპექტები გააცნო და სპორტსმენების შეკითხვებს უპასუხა.
ბეჭდვა