NDI-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხლმძღვანელის ლუის ნავაროს განცხადებით, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის
ჩამოყალიბება საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის კონკრეტული შედეგია.
როგორც ნავარომ დღეს კომისიის მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა, NDI-ს კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ კომისიის მუშაობა საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს.
ნავარო ასევე, პოზიტიურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული კომისიის შექმნით, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.
რაც შეეხება „კარდაკარის“ შედეგების სანდოობას, ნავაროს აზრით, NDI-ს კვლევა, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ განხორციელებული აუდიტის შედეგები და თავად კომისიის შედეგი ერთმანეთს ემთხვევა და ამყარებს.
„აქედან გამომდინარე, გავიზიარებ საქართველოს მოქალაქეების აზრს და ვიტყვი, რომ კომისიის მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო და საარჩევნო გარემო გააუმჯობესა“ - აღნიშნა ნავარომ.
