„ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიური მდივანი კახა ძაგანია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს
ბიძინა ივანიშვილს ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გამოყვანას სთხოვს.
როგორც ძაგანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამერიკის ავღანურ ომში ქართველი სამხედროები იღუპებიან.
მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანაზე ცესკო-ში შეტანილი სარეფერენდუმო საკითხი ივანიშვილი-სააკაშვილის უმრავლესობამ ჩააგდო.
„ამრიგად, ჯარისკაცი ფანცულაია კრიმინალი პრეზიდენტისა და კრიმინალ-ოლიგარქის ნატოურ ვნებებს შეეწირა. გვაინტერესებს, თუ ასეთი კარგია ავღანეთში ამერიკის მოკავშირეობა, რატომ არ აგზავნიან ეს პერსონები იქ თავიანთ შვილებს, ძმებს, ნათესავებს“ - განაცხადა კახა ძაგანიამ.
ავღანეთში მოწინააღმდეგის მიერ ნაღმმტყორცნი ჭურვის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით კაპრალი გივი ფანცულაია 26 ივლისს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
