პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართა
პარლამენტში რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართა
21:41 26.12.2018
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, კანონშემოქმედებითი პროცესი, სხვადასხვა მოსმენით წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვით დაიწყო.

პარლამენტის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა პირველი მოსმენით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, სესხის გამცემი სუბიექტი ვალდებულია 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 30 აპრილამდე ეროვნულ ბანკში წარადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტები, რომლის შემდეგაც მას შეეძლება სესხის გაცემა/დაფარვა/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები განახორციელოს.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ.

მისი ინფორმაციით, ცვლილებების პროექტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს და ამასთან ერთად იცვლება ის კოლიზიური ნორმები, რომელიც მოქმედ რედაქციაში არსებობს.

წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის ახალ რედაქციაში მოცემული ნორმის კანონპროექტში ასახვასთან დაკავშირებით განაცხადა: „პარლამენტის რეგლამენტში ავსახეთ, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებზე დაცვის მომსახურება ვრცელდება IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ბოლომდე. ვფიქრობ, რომ შესაბამისი რეგულაცია მიზანშეწონილია ასევე აისახოს ამ კანონში და შემდეგ ფორმულირებას გთავაზობთ : VII და VIII მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეებს IX მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით, ემსახურება სამსახურეობრივი ავტომობილი და უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით, აღნიშნული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან“.

ანზორ ჩუბინიძე პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებას დაეთანხმა და პროექტში მისი ასახვის თაობაზე მზაობა გამოთქვა.

სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ კანონპროექტთა პაკეტები მესამე მოსმენით წარმოადგინა, რომელთა მიმართაც დეპუტატების მხრიდან, რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა დავაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“.

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის პირველ ნახევარში კანონმდებლებმა მოცულობითი კანონპროექტთა პაკეტები მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს.

პარლამენტის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი 32 კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, დავით მათიკაჩვილმა კი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 24 კანონპროექტი წარმოადგინა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემკოლეგებს დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის ინფორმაციით, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტზე დაწესებული აქციზის გათანაბარებას ითვალისწინებს. 20 ღერ უფილტრო სიგარეტზე აქციზი 1.1 ლარით მოიმატებს და 1.7 ლარით განისაზღვრება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის თამბაქოს აქციზის მატებას მნიშვნელოვანი შედეგი მოაქვს, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს ნაწარმის ყოველი 10%-იანი გაძვირება მომხმარებლების 5-7%-ით შემცირებას იწვევს, ეს კი უფრო ჯანმრთელი მოსახლეობის ყოლას და თამბაქოს მოხმარებისგან გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას გულისხმობს.

სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმაკომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო სესიიდან 2018 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა 29 საკომიტეტო მოსმენაზე 92 კანონპროექტი და 6 საერთაშორისო სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის სამინისტროსთან საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა და ერთობლივი საქმიანობით მომზადებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ირაკლი სესიაშვილმა საანგარიშო პერიოდში მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ცალკე აღნიშნა საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციების მომზადების პროცესი და მათი ამოქმედების მნიშვნელობა, რაც მისივე შეფასებით, კომიტეტის საზედამხედველო კონტროლის მექანიზმებს კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტურს ხდის.

შესვენების შემდეგ პლენარული სხდომა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტის წარდგენით გაგრძელდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ კოლეგებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო და მისი მომზადების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს კანონპროექტი შემუშავდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების ვადის შესაძლო ამოწურვის გამო, რადგან ეს ვადა კვირის ბოლოს იწურება და ამიტომ 31 დეკემბრამდე ჩვენ უნდა შევძლოთ და აღნიშნული ცვლილებები დაჩქარებული წესით მივიღოთ. პროექტი ჩვენი კოლეგების ინიციატივით მომზადდა და იგი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადის 5 წლით გახანგრძლივებას შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებების მიღების შემდეგ შესაძლებელი გახდება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების გაგრძელება, რის მიმართაც საზოგადოებაში მაღალი ინტერესი არსებობს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარეს და ცვლილებების პროექტზე მომუშავე დეპუტატებს მადლობა გადაუხადეს და კანონპროექტის მნიშვნელობა აღნიშნეს.

„კოდექსში ინიცირებული ცვლილებები დადებითად შეფასდა ზვიად გამსახურდიას ოჯახის მხრიდან, თუმცა რჩება დამატებითი მოთხოვნები და იმედს გამოვთქვავ, რომ პროკურატურასა და ოჯახის წევრებს შორის დამატებითი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით მიღწეული იქნება შეთანხმება და საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში წარიმარტება“, - აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებების მნიშვნელობა სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა შეაფასა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის თემა, სადაც საზოგადოების და პარლამენტის წევრებს შორის კონსესუსი შედგა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან საკითხი ეხება ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საკითხს და მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რა ვითარებაში და როგორ დაიღუპა ზვიად გამსახურდია, ადამიანი, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას და მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარმოადგინა.

მომხსენებელმა კანონპროექტის ძირითად არსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის დაცვის გარანტიების გაძლიერებას შეეხება.

„ეს საკითხი განსაკუთრებით ეხება იმ ძეგლებს, რომელთა საფუძველზე ხდება სასწავლო პროცესში კონკრეტული საგანმანათლებლო რესურსის შექმნა და დანერგვა. საუბარია იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ მეთოდის საფუძველზე მომზადებული სახელმძღვანელოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის ხელშეწყობაზე“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ცვლილებების მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით შექმნის კომისიას, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მეთოდის საფუძველზე შექმნილი სახელმძრვანელოს მომზადებას უზრუნველყოფს და მას გრიფირებაზე წარადგენს.

კანონპროექტთან დაკავშირებით სხდომათა დარბაზში ცალკეული დეპუტატების მოსაზრებები და შეფასებები გაკეთდა.

„წარმოდგენილი ცვლილებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც „დედაენა“ ფორმალურ, ოფიციალურ საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთვება და ეს პროცესი დარგის ექსპერტების მსჯელობის და შინაარსიანი დისკუსიის ფარგლებში წარიმართება“, - აღნიშნა კანონპროექტის თანაავტორმა, ზაზა გაბუნიამ.

სხდომა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვით გაგრძელდა.

პარლამენტის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოში მოპოვებული და იმპორტირებული ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადის განახევრების თაობაზე მომზადებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა და მისი მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე დისკუსია გაიმართა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებმა კანონპროექტით შემოთავაზებულ ნორმების მიმართ საკუთარი არგუმენტები და მოსაზრებები წარმოადგინეს.

რიგგარეშე სესიის 26 დეკემბრის პლენარული სხდომის ბოლო განსახილველი საკითხები რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების მიერ 2017 წლის საშემოდგომო სესიისა და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშები წარმოადგენდა.

კომიტეტების თავმჯდომარეებმა ზაზა გაბუნიამ და რომან კაკულიამ საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, მნიშვნელოვან აქტივობებზე და კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია წარმოადგინეს და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს.

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს განხილული საკითხების კენჭისყრით დასრულდა.

რიგგარეშე სესიის მორიგი პლენარული სხდომა 27 დეკემბერს, 12.00 საათზე გაიმართება.
ბეჭდვა