ვეფხვაძის შეფასებით, ალტერნატიული „კარდაკარის“ ავტორები თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ
ვეფხვაძის შეფასებით, ალტერნატიული „კარდაკარის“ ავტორები თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ
13:18 31.07.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც საარჩევნო სიების გადამოწმების  მიზნით ალტერნატიულ „კარდაკარს“ აწარმოებენ, თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ.
როგორც ვეფხვაძემ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის „კარდაკარის“ შედეგების პრეზენტაციისას განაცხადა, ალტერნატიული „კარდაკარის“ ავტორებს სურთ ამ პროექტით კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული ფულის ხარჯვა გაამართლონ.
„რეალურად, მათ აიღეს იგივე სია, რომელიც კაციტაძის კომისიას აქვს და დაიწყეს მისი გადამოწმება, რაც ამ კომისიამ უკვე გააკეთა“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
ის მიიჩნევს, რომ ეს იმთავითვე მცდარი პროცესი იყო.
„მათი მიდგომები ჩემთვის ყოვლად გაუგებარია, ვინაიდან, ის საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ემსახურება“ - აღნიშნა ვეფხვაძემ.
რაც შეეხება ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ გადამოწმებულ სიას, ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ მისი შედეგები პოზიტიურიცაა და ნეგატიურიც.
როგორც მან აღნიშნა, კარგია, რომ კომისიამ რეალურად იმუშავა და კონკრეტული რიცხვები გამოაქვეყნა, რითაც ბევრ სკეპტიკოსს იმედი გაუცრუვდა. მეორე მხრივ კი, ნეგატიურია ის რიცხვები, რომელიც სიის გადამოწმების პროცესში გამოვლინდა.
„ეს რიცხვები ბევრ რამეზე მეტყველებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები ამ ახალი სიით იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე წინა არჩევნები იყო, თუმცა ამ სიაში ბევრი რამ დასაზუსტებელია“ - განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ სიის გადამოწმების სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია და ახლა მთავარია, საარჩევნო უბანში მისულ ამომრჩეველს მაგიდასთან გადამოწმებული სია დახვდეს.
„კარდაკარის“ პროგრამის შედეგები ასეთია - ამომრჩეველთა ერთიან სიაში „კარდაკარის“ პროექტის ფარგლებში 3 483 142 ამომრჩევლის მონაცემი გადამოწმდა. ამათგან, ზუსტია 2 160 608 მონაცემი. დაზუსტებები შევიდა 39 426 პირად მონაცემში. სიაში გამოტოვებულია 72 ამომრჩეველი. გარდაცვლილია 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 471 ამომრჩეველი.
რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 ამომრჩეველი, შიდა მიგრაციაშია 649 839, ხოლო 183 621-თან კონტაქტი ვერ დამყარდა.

ბეჭდვა