ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს
00:18 26.12.2018
სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ ქრისტიანული სამყაროს ნაწილს შობის ბრწყინვალე დღესასწაული და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 41-ე იუბილე მიულოცა.



„ყველა ქრისტიანს, ვინც დღეს შობას აღნიშნავს, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურვებ წარმატებას და ბედნიერებას. ასევე, მოგილოცავთ ყველას ჩვენი პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 41-ე წლისთავს და ვუსურვებ, რომ ძალიან დღეგრძელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ეკლესიის სამსახურში“,- განაცხადა სოფო კილაძემ.



დეპუტატებმა პარლამენტის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ განიხილეს.



ემზარ კვიციანის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზანი საზოგადოებრივ ადგილებში ნიქაბითა და ბურკით სიარულის აკრძალვაა. როგორც დეპუტატმა განმარტა, აღნიშნული სამოსი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას და შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხითაც.



წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ, კომიტეტის სხდომაზე დისკუსია გაიმართა.



პარლამენტის წევრის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საკითხთან დაკავშირებით, საჭიროა, ფართო დისკუსია გაიმართოს. „ჩვენ ვართ მრავალეთნიკური საზოგადოება, რომელიც პატივს სცემს ერთმანეთის უფლებებს და ამიტომ, მეტი სიფრთხილე გვმართებს ასეთი საკითხების განხილვისას“,- აღნიშნა დეპუტატმა.



„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ადამიანის უფლებების, გამოხატვისა და რწმენის თავისუფლებას ზღუდავს.



საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვა მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა. მისი წინადადებით, სასურველია, საკანონმდებლო ინიციატივაში საუბარი იყოს არა ნიქაბისა და ბურკის ტარების აკრძალვაზე, არამედ, სახის დაფარვის აკრძალვაზე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, წარმოდგენილი საკითხი მგრძნობიარეა როგორც მართლმადიდებლებისთვის, ასევე, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებისთვის.



„ჩვენ ორი სიკეთე გვაქვს ერთმანეთის პირისპირ - ადამიანის უფლებები, რაც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია, მათ შორის, რელიგიის თავისუფლება, რომელიც ასევე ერთერთი ფუნდამენტური თავისუფლებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს სახელმწიფო უსაფრთხოება და სახელმწიფოს ინტერესი. ამ ორი საკითხის დაბალანსება ნამდვილად არ არის ადვილი საქმე. ეს არ არის ადვილი არა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს დილემა დგას მთელი მსოფლიოს წინაშე, მათ შორის, ისეთი განვითარებული ქვეყნების წინაშეც, რომლებიც ადამიანის უფლებების ფლაგმანად მოიაზრებიან“,- განაცხადა სოფო კილაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გონივრული და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა.



მისივე თქმით, კარგი იქნება, პრობლემური საკითხები სამუშაო ჯგუფის ფორმატში იქნას განხილული.



„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, ყველა პრობლემური თემა, რაც არის დაგროვილი, რელიგიებთან და რელიგიის თავისუფლების რეალიზებასთან მიმართებით, განვიხილოთ ერთ სივრცეში, მათ შორის, ეს საკითხიც, რომელიც დღეს ემზარ კვიციანმა წარმოადგინა. გთავაზობთ, შევქმნათ ერთიანი სამუშაო ჯგუფი და 21 იანვარს შევუდგეთ ამ საკითხებზე მსჯელობას. ეს უნდა იყოს ძალიან ფართო ჩართულობით. გვსურს ყველას აზრის მოსმენა და ყველამ ერთად გადავწყვიტოთ, რა შეიძლება, გავაკეთოთ ისეთი, რომ საერთო კონსესუსი გვქონდეს, იმავდროულად, ყველას უფლება იყოს დაცული და ასევე, გავითვალისწინოთ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.



დეპუტატებს „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის“ პროექტი წარუდგინა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ.



„მივესალმებით პარლამენტის აქტიურ ჩართულობას ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების წინაშე წარსადგენი სახელმწიფო ანგარიშების მომზადების, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესში. დარწმუნებული ვარ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა, რაც უკვე მეორე წელია, ძალიან კარგ პრაქტიკად დამკვიდრდა, უფრო სრულყოფილს და ინკლუზიურს გახდის ანგარიშგების სისტემას, ასევე, არსებითად გააძლიერებს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, რაც, საერთო ჯამში, კიდევ უფრო გააუმჯობესებს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას“,-განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.



მისი თქმით, ანგარიშის პროექტი ყველა შესაბამის უწყების ჩართულობით არის მომზადებული, ასევე, წარედგინა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნა.



მომხსენებლის განმარტებით, ანგარიშის პროექტში ასახულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული საქმიანობა, ამ კუთხით მიღწეული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის პროგრესი და გამოწვევები. მისივე თქმით, ანგარიშის მიზანია, საქართველომ მიაწოდოს გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის შემდგომ კერძოდ, 2014 წლიდან, კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ.



ხათუნა თოთლაძის ინფორმაციით, ანგარიშის ძირითადი ნაწილი კომიტეტის დასკვნითი შეფასების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეთმობა, მეორე ნაწილი კი, მოიცავს კონვენციის მუხლებში განსაზღვრულ უფლებათა რეალიზების თაობაზე იმ ინფორმაციას, რომელიც კომიტეტის დასკვნით შეფასებებში მოცემულ რეკომენდაციებს სცდება.



მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას, ხაზგასმულია რუსეთის როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, მიმოხილულია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების მძიმე მდგომარეობა.



ანგარიშში ასევე, საუბარია გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული რეფორმების, ინსტიტუციონალური თუ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.



„მათ შორის აღსანიშნავია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ე.წ. ევროპის საბჭოს სტამბულის კონვენციის აღიარების საკითხი, რომელიც 2017 წელს მოხდა. გენდერული თანასწორობის ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისო კომისიის ჩამოყალიბება, ახალი ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომლის ერთ-ერთი ფოკუსი არის სწორედ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხები, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა და ასევე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე განხორციელებისთვის“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.



მისივე თქმით, ანგარიშში ვრცლად არის ასახული ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე - (ადრეული ქორწინების, ტრეფიკინგის პრევენციის თუ გენდერული თანასწორობის საკითხები), სხვადასხვა უწყების მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელებული მასშტაბური კამპანიები.



ანგარიშში ასახულია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ასევე, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ განხორციელებული ქმედებები, ქალთა და გოგონათა მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენისა და დამნაშავეთა დასჯის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, სოფლად მცხოვრებ ქალთა მხარდაჭერის პროგრამები, ნაადრევი ქორწინების აღმოფხვრის, ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის ასევე, ქალთა უფლების თემასთან დაკავშირებული საკითხები.



დღესვე, კომიტეტის სხდომაზე არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შესახებ იმსჯელეს.

ბეჭდვა