სააკაშვილი - ყველაფერი, რაც არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს
სააკაშვილი - ყველაფერი, რაც არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს
10:25 31.07.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კახეთის რეგიონს საქართველოს იდენტურობის გამოხატულებად აფასებს. ამის შესახებ  სააკაშვილმა კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას აღნიშნა.
მისი განცხადებით, სტიქიის შედეგები ამ პირობებში ლიკვიდირება ნებისმიერ ბევრად უფრო მდიდარ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა, მაგრამ საქართველომ ეს მოახერხა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ გადასახურია სახლების გარკვეული ნაწილი, მაგრამ ეს იმაზე სამჯერ უფრო სწრაფად გაკეთდება, ვიდრე ნებისმიერი მთავრობა გააკეთებდა უცხოეთში.
„წინა მთავრობების პერიოდს არც შევადარებ, რადგან ისინი ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებდნენ. ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანაში ხალხი ერთმანეთს უდგას მხარში. მთელი ამ დღეების განმავლობაში მეზობელი მეზობელს ეხმარებოდა და კვლავაც აგრძელებენ ერთმანეთის დახმარებას“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, დაზარალებულ კახეთის რეგიონს მთელი საქართველოდან ეხმარებოდნენ, რადგან კახეთი განსაკუთრებული რეგიონია.
„ის საქართველოს უბრალოდ ერთ-ერთი რეგიონი კი არ არის, არამედ მთლიანად კავკასიის. კახეთი არ არის უბრალოდ გეოგრაფიული ადგილი - კახეთი საქართველოს სული, საქართველოს იდენტურობის უბრწყინვალესი გამოხატულებაა“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, კახეთის რეგიონში შარშან დაწყებული აღმშენებლობის შრომა და ძალისხმევა წელს მომხდარმა სტიქიამ გააათკეცა.
„ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. თელავი ახლა ნაფრონტალს ჰგავს, მაგრამ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე წარსდგება უფრო მეტი ბრწყინვალებით, ვიდრე როდესმე ყოფილა თავის სახელოვან ისტორიაში“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ წელს კახეთში შარშანდელზე უკეთესი რთველი იქნება.
საქართველოს პრეზიდენტი კახელებს წელში გამართულ და წარმატებული საქართველოს მშენებლობას დაჰპირდა.
„ამ დაპირებას ვდებთ დღეს შეიარაღებული ძალების წინაშე. ის, რაც საქართველოში ახლა დაიწყო, დასაწყისის მხოლოდ დასაწყისია. დაშლილი, განადგურებული, იმედდაკარგული ქვეყანა რვა წლის წინათ ყველამ ერთად ავაწყეთ ისე, რომ გვყავს სამაგალითო ჯარი, სამაგალითო საგანგებო სამსახურები“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველაფერი რაც არ გვკლავს, მხოლოდ გვაძლიერებს. ამიტომაც კახეთში მომხდარმა სტიქიამ ქართველები გააძლიერა.
პრეზიდენტის თქმით, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის დარიგება აგვისტოში დაიწყება.



ბეჭდვა