პარლამენტში სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელეს
პარლამენტში სალომე ზურაბიშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ იმსჯელეს
19:01 19.12.2018
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილა, რასაც კომიტეტმა სხდომის ბოლოს კენჭისყრით დაუჭირა მხარი.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტი დასკვნით მიმართავს პარლამენტს და საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
კომიტეტმა ასევე განიხილა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების „ევროპული საქართველოს“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და მისგან გამომდენარე კანონპროექტთა პაკეტი. მომხსენებელმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის არსზე და იმ ასპექტებზე, რაც კანონპროექტით შემოთავაზებულ სისტემას განასხვავებს არსებული კანონისაგან. კერძოდ, ეს მოდელი მოქალაქეს უტოვებს არჩევანს, ნებაყოფლობით ჩაერთოს დაგროვებით საპენსიო სქემაში, არ ზღუდავს ასაკს და 40 წელს ზემოთ ასაკის დასაქმებულსაც შეეძლება სისტემაში ჩართვა, მოქალაქე თავად განსაზღვრავს დასაგროვებელი თანხის ყოველთვიურ ოდენობას. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ერთი საპენსიო ფონდის ნაცვლად იარსებებს რამდენიმე კერძო საპენსიო ფონდი და მოქალაქე თავად აირჩევს რომელმა კომპანიამ მართოს მისი საპენსიო დანაზოგი.

კანონპროექტის პრეზენტაციის შემდეგ დეპუტატებმა დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები. კომიტეტი არ ეთანხმება საპენსიო სააგენტოს გაუქმების საკითხს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, - „ვინაიდან არ ვართ წამყვანი კომიტეტი, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ თუ არა კანონპროექტს. ჩვენ ჩვენს სავალდებულო დასკვნაში ავსახავთ გამოთქმულ შენიშვნებს, მათ შორის იმას, რომ სამართლებრივი ასპექტის გათვალისწინებით არ ვეთანხმებით საპენსიო სააგენტოს გაუქმებას“. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი დასკვნის ასეთი სახით ფორმულირებას. წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.



ბეჭდვა