სააკაშვილი მომავალი წლიდან ბორჯომში ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ელოდება
სააკაშვილი მომავალი წლიდან ბორჯომში ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ელოდება
18:59 30.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მომავალ წელს ბორჯომში ტურისტების გაზრდილ რაოდენობას ელოდება. ამის შესახებ მან დღეს ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ბორჯომში მილიონობით ტურისტი ჩავა.
მისი თქმით, ბორჯომში ბინების ფასის გაზრდით, მოსახლეობას მცირე ბიზნესის დაწყების და ბანკიდან ბევრად მეტი კრედიტის აღების საშუალება მიეცემა.
„მიმდინარე პროექტები რომ დასრულდება ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან ბევრი ტურისტი გვეყოლება. აქ უბრალოდ კარგად უნდა დავხარჯოთ ფული“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განცხადებით, ბოლო წლებში ბორჯომში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდა, თუმცა, ეს უნდა გამოსწორდეს. მისივე თქმით, სასტუმრო ლიკანშიც შენდება.
„ნებისმიერი ბანკი მოგცემთ კრედიტს, რომ რაღაც გააკეთოთ. სასწაულს დამსგავსებია აქაურობა. ამიტომ, მომავალ წელს აქ ბევრი ტურისტი ჩამოვა“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ბორჯომში ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც დიდი სარეკლამო კამპანიის დაწყება იგეგმება.
სააკაშვილის განცხადებით, ბორჯომი 6-7-თვიანი კურორტი უნდა გახდეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბორჯომს ესტუმრა და იქ მშენებარე სასტუმროები დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ბორჯომის პარკშიც იმყოფებოდა.
ქვეყნის პირველი პირი პარკში მიმდინარე მშენებარე და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას, დამსვენებლებსა და ტურისტებს გაესაუბრა.


ბეჭდვა