ბაქოში BSEC-ის 39-ე მინისტერიალი გაიმართა
ბაქოში BSEC-ის 39-ე მინისტერიალი გაიმართა
17:43 14.12.2018
ბაქოში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 39-ე შეხვედრა გაიმართა .

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით.

სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე ხვთისიაშვილმა პოზიტიური შეფასება მისცა BSEC-ში აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის საქმიანობას. ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ რეფორმების ახალი ეტაპის დაწყებასდა ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სიტყვაში ასევე აღინიშნა საქართველოს ახალი მიღწევები და საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება. დადებითად შეფასდა რეგიონში მიმდინარე ენერგეტიკულიდა სატრანსპორტო პროექტები. აღნიშნა, რომ რეგიონს გააჩნია საერთაშორისო მნიშვნელობის კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების პოტენციალი, თუმცა არსებული კონფლიქტები ხელს უშლის BSEC-ის ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ხაზი გაუსვა აღნიშნული კონფლიქტების მშვიდობიანი და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით მოგვარების აუცილებლობას.

ასევე, ალექსანდრეხვთისიაშვილმა ხაზი გაუსვა BSEC-ის წევრ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს BSEC-ის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის კუტურის სფეროში შავი ზღვის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის პროექტის განხორციელებას.

მინისტერიალზე ასევე განხილული იყო ორგანიზაციის წევრებს შორის სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კულტურის, გარემოს დაცვის და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის გზები.

2019 წლის პირველი იანვრიდან BSEC-ის თავმჯდომარეობა შემდგომ 6 თვით გადაეცა ბულგარეთის რესპუბლიკას.

ბეჭდვა