ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა
ბიურომ პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა
13:03 14.12.2018
პარლამენტის ბიუროს სხდომამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დღის წესრიგის მიხედვით, კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე 45-მდე საკითხის განხილვას გეგმავენ, როგორც კანონპროექტების, ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტების. იგეგმება რამდენიმე კომიტეტის წლიური ანგარიშის მოსმენა.

სხდომის დღის წესრიგშია ათამდე კენჭსაყრელი საკითხიც, რომლებიც კანონმდებლებმა წინა პლენარულ სხდომაზე განიხილეს.

პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორისაა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის თანმდევი კანონპროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებსაც პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით იხილავს. ასევე პარლამენტის დადგენილების პროექტები: „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების (სოციალური კეთილდღეობის პროგრამა)“ რატიფიცირების შესახებ“; „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ“; „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“.

პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს ასევე დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ბიურომ ასევე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე იმსჯელა.

ბეჭდვა