ეგვიპტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ეწვია
ეგვიპტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია ეწვია
11:35 14.12.2018
ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში ვიზიტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით იმყოფებოდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში, წიგნის „აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, პოლიტიკა და კულტურა“ (არაბულ ენაზე) პრეზენტაცია და პრეს-კონფერენცია გაიმართა. ადგილობრივმა ჟურნალისტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ქართული მხარის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის „აინ შამსის“ უნივერსიტეტის პრეზიდენტთან პროფესორ, აბდელ ვაჰაბ ეზასთან და ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესორ აბდელ ნასერ ბადავისთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დროს საუბარი საქართველოს, მათ შორის, აფხაზეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „აინ შამსის“ უნივერსიტეტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა შეხვედრა, ასევე, კაიროს სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრის დროს, რომელშიც ეგვიპტის მხრიდან პალატის პრეზიდენტი, იბრაჰიმ მაჰმუდ ელარაბი და პალატის მმართველი საბჭოს სხვა წევრები მონაწილეობდნენ, ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის განვითარების და ორმხრივი პროექტების შემუშავების მნიშვნელობას ხაზი გაესვა.
ბეჭდვა