ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია ხვალ „კარდაკარის“ მონაცემების პრეზენტაციას გამართავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სიების დაზუსტების კომისიაში შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა სიების გადამოწმების შედეგებზე იმსჯელეს.
„დამტკიცებულია, როგორც „კარდაკარის“ შედეგები, ასევე, ამომრჩეველთა ერთიან სიასთან დაკავშირებული კონკრეტული მიდგომები და თავად სიის მონაცემები. ხვალ „კარდაკარის“ მონაცემების პრეზენტაცია გაიმართება, ხოლო 1 აგვისტოს კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიას გადავცემთ“ - განაცხადა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ.
ხვალიდან მონაცემების ნახვა ყველა მსურველს შეეძლება. კომისია გადამოწმებულ სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 1 აგვისტოს შეიტანს.
ამომრჩეველთა სიებს მონიტორინგი 11 100-მა სპეციალურად გადამზადებულმა რეგისტრატორმა გაუწია. „კარდაკარის“ პრინციპით კომისიამ მონაცემების გადამოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით მაისიდან დაიწყო.
