გუგული მაღრაძე კუბის საგანგებო და სრულუფლებიან არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
გუგული მაღრაძე კუბის საგანგებო და სრულუფლებიან არარეზიდენტ ელჩს შეხვდა
18:04 13.12.2018
კუბის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გუგული მაღრაძე კუბის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან არარეზიდენტ ელჩს, ალფრედო ნიევას პორტუონდოს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, ელჩმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა.

როგორც ნიევას პორტუონდომ აღნიშნა, კუბის რესპუბლიკის პარლამენტში დეპუტატების თითქმის ნახევარს ქალები წარმოადგენენ.

„კუბა ამ მხრივ, იმ ქვეყანათა ათეულში შედის, სადაც პარლამენტში გენდერული თანასწორობა დაცულია. ქალები სხვა სახელმწიფო სამსახურებში საკმაოდ არიან წარმოდგენილები. ასევე, წელს, პირველად კუბის ისტორიაში ჰავანის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩეული იქნა ქალბატონი“, - განაცხადა ელჩმა.

მხარეებმა შეხვედრისას, ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ელჩის თქმით, კუბის პარლამენტი ახალი კონსტიტუციის მიღებაზე ინტენსიურად მუშაობს.

„კუბა ერთპარტიული მმართველობიდან გადადის საპარლამენტო რესპუბლიკაზე. ასევე, ცვლილებები იქნება ქვეყნის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ მოწყობაში. ამასთან, პარლამენტი პრემიერ-მინისტრს და მთავრობას აირჩევს. კონსტიტუციის პროექტი საყოველთაო რეფერენდუმზე მომავალი წლის თებერვალში გავა და პარლამენტის მიერ მისი მიღება მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება“, - განაცხადა სტუმარმა.

გუგული მაღრაძემ ელჩთან შეხვედრისას აღნიშნა რომ საქართველოს ამის კარგი გამოცდილება აქვს, რადგანაც ახლახან მოხდა ახალი კონსტიტუციის მიღება, რომლითაც საქართველო სრული საპარლამენტო რესპუბლიკა გახდა.

„ამ მხრივ შეიძლება საინტერესო იყოს ინფორმაციის გაცვლა-გაზიარება ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

შეხვედრისას, ყურადღება საქართველოსა და კუბას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე გამახვილდა.

როგორც კუბის რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, მას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდა. მისი თქმით, მომავალი წლის ნოემბერში ბიზნესის კუთხით საერთაშირისო გამოფენა იგეგმება, რომელშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას და ქვეყანასსაშუალება ექნება საკუთარი პროდუქცია წარადგინოს. ამ გამოფენაზე მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ლათინური ამერიკის, ასევე, პოსტ საბჭოთა სივრცის ქვეყნები.

კუბის ელჩმა აღნიშნა, რომ შესაძლოა საქართველოსა და კუბას შორის სამედიცინო სფეროში ურთიერთობის ინტენსიური განვითარება მოხდეს.

„ამ კუთხით კუბამ საკმაოდ დიდ მიღწევებს მიაღწია. შეიქმნა ორი ვაქცინა, რომელიც საერთაშირისოდ აღიარებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ესენია: ფილტვის სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინა და დიაბეტური ტერფის სამკურნალო პრეპარატი“, - განაცხადა ელჩმა.

მისი აზრით, საქართველოსთვის ამ ინფორმაციის გაზიარება საინტერესო იქნებოდა.

როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ასევე ტურიზმის სფეროში ინტენსიური გაცვლები იგეგმება. შეხვედრისას საუბარი ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და განათლების სფეროში გაცვლების შესაძლებლობას შეეხო.

„ამ მხრივ უფრო მეტად გამოყენებული უნდა იყოს საუნივერსიტეტო პოტენციალი და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის გაცვლა შესაძლოა იყოს ერთ-ერთი საინტერესო სფერო ჩვენი ქვეყნების სამომავლო ურთიერთობებში“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.
ბეჭდვა