ლაშა დარსალიამ ჟენევაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია განიხილა
ლაშა დარსალიამ ჟენევაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია განიხილა
16:36 13.12.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის ბრიფინგი გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილემ ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ უკანონო პროცესებზე; რუსეთსა და საქართველოს შორის ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს შუამავლობითა და აშშ-ის მონაწილეობით მიმდინარე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ლაშა დარსალიამ რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პოლიტიკის მძიმე შედეგები განიხილა. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებსა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციაზე. ისაუბრა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე გაკეთდა და ამ საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების საჭიროებას ხაზი გაესვა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ადგილზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას ნათლად მიუთითებს.

ლაშა დარსალიამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე არსებითი შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, როგორიცაა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა, იძულებთ გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

მინისტრის მოადგილემ უცხოელ დიპლომატებს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო. მან ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ქმედითი ჩართულობის აუცილებლობას, რათა ადგილზე მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელი გახდეს.

შეხვედრაზე განცხადებები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებმა გააკეთეს. მათ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერა ერთსულოვნად გამოხატეს. ჟენევაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა დადებითად შეაფასეს.
ბეჭდვა