საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეებმა, ირინა
აბულაძემ და ლევან ხარატიშვილმა ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლეს. დელეგაციის შემადგენლობაში ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი, ლორენს მერედიტი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი იყვნენ.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა სამინისტროსთან არსებული თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს, ხოლო სამინისტროს მხრიდან აქცენტი იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე გაკეთდა, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უწევს, განსაკუთრებით განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. განსაკუთრებით წარმატებით შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სკოლის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოების მეორე ეტაპი წარმოადგენდა, რომელიც წარმატებით ხორციელდება. განსაკუთრებით აღინიშნა ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობა საქართველოსთვის და მთლიანად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მხარეები კონკრეტულ ნაბიჯებზეც შეთანხმდნენ, რაც მომავალში აღნიშნული სკოლის ცნობადობას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა, ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.
