საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, მისი მოადგილე შოთა გოშაძე და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი მაია ხაჯიშვილი, ისრაელის ქნესეთის აპარატის უფროსის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ქალაქ იერუსალიმში იმყოფებოდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გასული წლის ნოემბერში ქნესეთის გენერალური დირექტორისა და მიმდინარე წლის ივლისში ქნესეთის აპარატის უფროსის საქართველოს პარლამენტში სტუმრობის საპასუხო ვიზიტის მიზანი ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის დაწყება წარმოადგენდა. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში ქართული დელეგაცია შშმ პირებისათვის ქნესეთის ადაპტირებულ ინფრაქტრუქტურასა და სერვისებს, აგრეთვე, ქნესეთში მოქმედ „მწვანე პარლამენტის“ პროექტს გაეცნო, რაც წარმატებით ხორციელდება. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ებრაელ კოლეგებს გააცნო ღია მმართველობის პარტნიორობის კუთხით საქართველოს პარლამენტის მიღწევები, კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და ახალი რეგლამენტით გაზრდილი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია და აპარატში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები პარლამენტის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით.
მხარეები პარტნიორობასა და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, დელეგაციების ორმხრივად გაცვლასა და საჭიროებების გამოკვეთის შემთხვევაში, ურთიერთმხარდაჭრაზე შეთანხმდნენ.
