საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის
თავდაცვის მინისტრს, რაიმონდს ბერგმანისს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. ლატვიის მხარემ საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში კიდევ ერთხელ დაადასტურა . ასევე, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი აღინიშნა.
საუბარი ასევე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს შეეხო, მათ შორის, ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.
საქართველოს ელჩმა მინისტრს მხარდაჭერისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი მიმართულებით.
