გურამ ჩახვაძემ შვეიცარიის ელჩს რუსეთის მიმართ საპროტესტო წერილი გადასცა
გურამ ჩახვაძემ შვეიცარიის ელჩს რუსეთის მიმართ საპროტესტო წერილი გადასცა
15:13 30.07.2012
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ დღეს შვეიცარიის ელჩს რუსეთის ფედერაციის მისამართით საპროტესტო წერილი გადასცა.
როგორც ჩახვაძემ აღნიშნა, საპროტესტო წერილის შინაარსი ედპ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტს ეხება.
„ედპ-ს მიერ შვეიცარიის საელჩოსადმი გადაცემულ წერილში აღნიშნულია, რომ ედპ-ს ვებ-გვერდზე კიბერშეტევა რუსეთის ფედერაციაში დაფიქსირებული IP მისამართიდან განხორციელდა, რის შედეგადაც პარტიის კომპიუტერული სისტემის ზომბირება მოხდა და მასზე კონტროლი განხორციელდა“ - განაცხადა ჩახვაძემ.
მისი თქმით, ედპ აღნიშნულ ფაქტს ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაზე თავდასხმად აფასებს, სადაც იარაღად კიბერტერორიზმია გამოყენებული.
„ედპ-ს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული ფაქტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ მას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად და მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიად აფასებს“ - ნათქვამია წერილში.
ედპ-ს ვებ-გვერდზე კიბერშეტევა 26 ივლისს დაფიქსირდა.

ბეჭდვა