საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ორგანიზებით და მიგრაციის
პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICMPD ხელშეწყობით, თბილისში, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების მომსახურების საკითხებზე იმსჯელეს და ყურადღება იმ ახალ სერვისებზე გაამახვილეს, რომლის დანერგვაც ახლო მომავალში იგეგმება.
შეხვედრაზე საკონსულო საქმიანობის ყველა მიმართულებით მიმდინარე წლის შედეგები შეფასდა. ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად პრობლემებზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ ყოფნის დროს აწყდებიან. დაისახა სამომავლო გეგმები საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მიმდინარე წელს დამტკიცებული "საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესი"-ს განხილვა წარმოადგენდა და მონაწილეებისათვის კრიზის მართვისა და მოსამზადებელი სამუშაოებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, რაც საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციაში მოხვედრილი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალურ დაცვას ხელს შეუწყობს. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია ამ მიმართულებით საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ მიეწოდათ.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო თანამდებობის პირთა როლზე და ამმიმართულებით პრობლემის აღმოფხვრის მეთოდებზე იმსჯელეს.
ასევე, განხილულ იქნა საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მოქალაქეთა საკონსულო დაცვის, მათი ელექტრონული ონლაინ მომსახურების მექანიზმების გაუმჯობესების საკითხები და სხვა საკონსულო ხასიათის პრობლემატიკა.
