საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და
საგარეო ურთიერთობათა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს VI პერიოდული ანგარიშის პროექტი წარადგინა. საპარლამენტო კომიტეტის სხდომას ასევე, ყველა იმ ძირითადი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც შუალედური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდნენ.
თავის გამოსვლაში, ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა პარლამენტის ჩართულობის მნიშვნელობაზე ანგარიშის მომზადების პროცესში. მოკლედ მიმოიხილა ანგარიშის პროექტი, რომელიც ყველა შესაბამისი უწყების მონაწილეობით და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით მომზადდა. აღინიშნა, რომ ანგარიშის პროექტში ასახულია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მხრივ, განხორციელებული საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, ამ კუთხით მიღწეული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის პროგრესი და გამოწვევები.
„ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობას. ხაზგასმულია რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის პასუხისმგებლობის საკითხი. ამავდროულად, მიმოხილულია, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები, რაც მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული ქალების მძიმე მდგომარეობა“ - აღნიშნა ხათუნა თოთლაძემ.
განხილვის დასასრულს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ანგარიშის შინაარსობრივ ნაწილს გამოეხმაურნენ და მაში ასახული ინფორმაცია დადებითად შეაფასეს. ამასთან, ანგარიშთან მიმართებით რამდენიმე რეკომენდაცია წარმოადგინეს, მათ შორის აღნიშნეს, რომ ქალთა პოლიტიკური გაძლიერების თვალსაზრისით სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში აისახოს ამ პროცესის განგრძობადობის თაობაზე. დადებითი გამოხმაურება ჰპოვა, ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე შესაბამისი თავის ასახვამ. აღინიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობის მიზნით, მიზანშეწონილი იქნებოდა ამ ანგარიშის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისათვის გაზიარება.
დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ ანგარიშის პროექტში პარლამენტის კომენტარები აისახება და ახლო მომავალში დოკუმენტი გაერო-ს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს გადაეგზავნება.
