ტაილანდის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ ძულიაშვილმა
(რეზიდენციით ქალაქი ნიუ დელი) ტაილანდის მეფეს, მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს (His Majesty Maha Vajiralongkorn Bodindradebayavarangkun King of Thailand) რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობები აღინიშნა, რასაც ვიზიტების გაცვლის დადებითი დინამიკა ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნი (Her Royal Highness Maha Chakri Sirindhron) ეწვია, ხოლო ტაილანდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ვიზიტი განხორციელდა.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული გზები განიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ორივე ქვეყანაში საპატიო კონსულის ხელმძღვანელობით საკონსულო დაწესებულებების გახსნა იგეგმება. გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
შეხვედრის დასასრულს, ტაილანდის მეფემ წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს. თავის მხრივ, არჩილ ძულიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
