ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით
ზალკალიანმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მინისტრები ეუთო-ში სლოვაკეთის მომავალ თავმჯდომარეობას და საქმიანობის პრიორიტეტებს მიესალმნენ, რომელთა შორის ეუთო-ს ფარგლებში არსებული კონფლიქტები დასახელდა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ეუთო-ს ჩართულობის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს, მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საკითხისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მნიშვნელობას.
მინისტრებმა საქართველო-სლოვაკეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები კიდევ ერთხელ აღნიშნეს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელმა მიროსლავ ლაიჩაკს საქართველოს მიმართ მისი მხრიდან გამოხატული მრავალწლიანი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
