საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ალბანელ კოლეგას შეხვდა
14:53 07.12.2018
ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებას, საქართველოს რეფორმების კურსს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას საუბარი საქართველოსა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს დაეთმო.

დავით ზალკალიანისა და დიტმირ ბუშატის შეხვედრა მილანში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წარმატებასა და წინსვლას, როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი მხარდაჭერა საქრთველოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა და ამ მხრივ ბრიუსელში გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი დადებითად შეაფასა. დიტმირ ბუშატმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე.

მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებს დაუთმეს; საუბარი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას შეეხო. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ეუთოში ალბანეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრობლემატიკას სათანადო ადგილი დაეთმობა.

მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის მაღალ დონეზე კომუნიკაცია და კავშირები მომავალშიც განაგრძონ.

ბეჭდვა