დავით ზალკალიანი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს შეხვდა
დავით ზალკალიანი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს შეხვდა
14:29 07.12.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს, ინგიბიორგ გისლადოტირს შეხვდა. შეხვედრა ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები მიმოიხილეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღინიშნა, რომ პროცესი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში წარიმართა. ქართულმა მხარემ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისს არჩევნების მონიტორინგისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, გაითვალისწინოს ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნების პროცესში გამოთქმული რეკომენდაციები.

როგორც დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს ელოდება.

შეხვედრაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში ეუთოს ინსტიტუტების ჩართულობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღინიშნა.
ბეჭდვა