სოფო კილაძე: გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში ჩვენი მთავარი პარტნიორია
სოფო კილაძე: გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში ჩვენი მთავარი პარტნიორია
17:45 06.12.2018
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ბავშვის კოდექსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს, რომელზე მუშაობაც ამჟამად მიმდინარეობს.

მათ, ასევე, პროექტ „ავრორას“ შესახებ ისაუბრეს, რომელიც იუნისეფის დახმარებით რუმინეთში ხორციელდება და ოჯახების გაძლიერებას და დაცვას ემსახურება.

სოფო კილაძემ სტუმარს საკუთარი ინიციატივა მსგავსი პროექტის საპილოტე ვერსიის შესახებ გააცნო, რომლის განხორციელებასაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად თავის სამაჟორიტარო ოლქში გეგმავს. პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფოს ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყველა პრობლემურ ოჯახს ეხმარება იმ სირთულეების დაძლევაში, სადაც სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს და სხვადასხვა სერვისების გამოყენებით მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში დადებითი როლი ითამაშოს. ეს იქნება სიღარიბის დაძლევა, ოჯახში ძალადობა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა.

სოფო კილაძის თქმით, პროექტ „ავრორასთან“ ძალიან კარგად შეიძლება სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დაკავშირება, რომლის რეფორმაც ცოტა ხნის წინ ჩვენს ქვეყანაში დაიწყო.

”იუნისეფის წარმომადგენელთან რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, რომელთაც მომდევნო წლის განმავლობაში ერთობლივად ვგეგმავთ. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ იუნისეფი ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში ჩვენი მთავარი პარტნიორია. იუნისეფის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელს, ღასან ხალილს საქართველოსთან მიმართებით ამბიციური გეგმები აქვს, რაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ბავშვთა დაცვის მიმართულებით სწორ შედეგებში გამოიხატება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბეჭდვა