საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ერისთავმა კუერნავაკას საერთაშორისო
უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. საქართველოს ელჩმა საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ორმხრივი ურთიერთობები მექსიკასთან, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მიმოიხილა.
ზურაბ ერისთავმა ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე და გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა. ასევე, საქართველოს ელჩმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა.
ლექციის ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას და ვიდეო-ფილმებს საქართველოს ისტორიასა და თანამედროვეობაზე, კულტურულ და ეთნო-ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე, მათ შორის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ქართულ ძეგლებზე.
ლექციის დასასრულს, კუერნავაკას საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ხავიერ ესპინოსა რომერომ ზურაბ ერისთავს სამახსოვრო დიპლომი გადასცა. თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა უნივერსიტეტს მექსიკაში, ესპანურ ენაზე გამოცემული საქართველოს ისტორიის წიგნი - “Historia de Georgia” გადასცა.
