კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ ოზურგეთში ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს აპროტესტებს და მის გამოძიებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე სამართალდამცავებმა „გურია ნიუსისა“ და „მეცხრე არხის“ ჟურნალისტებს პრობლემები შეუქმნეს, კეროდ კი, ჟურნალისტები - ჟანა მეგრელიშვილი, გიორგი გირკელიძე და თამარ ლეფსვერიძე სოფლის ცენტრში, სადაც სააკაშვილი მოსახლეობას ხვდებოდა, არ შეუშვეს.
ასევე, გადაადგილების პრობლემა შეექმნა „მეცხრე არხის“ ჟურნალისტს შორენა ღლონტს. მედიის წარმომადგენლებს აპარატურის გარეშეც უკრძალავდნენ შეხვედრაზე მისვლას.
ჟურნალისტების გადაადგილებას სოფელ ბახვში გურიის სამხარეო
პოლიციის უფროსი გურამ ჩანტლაძე აკონტროლებდა.
„კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ კატეგორიულად მოითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, უზრუნველყოს ჟურნალისტების დასწრება და მათი უსაფრთხოება პრეზიდენტის საჯარო შეხვედრებზე; შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინოს და დასაჯოს ყველა ის პოლიციელი, ვინც ჟურნალისტებს საქმიანობაში უშლის ხელს; მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფაქტები“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ამასთან, „არჩევანის თავისუფლებისთვის“ უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს შეისწავლოს ჟურნალისტების
საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები და მასზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მოსახლეობას შეხვდა.
