“თავად ის ფაქტი, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, ადასტურებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება შავი ზღვის რეგიონისადმია მიპყრობილი და ბუნებრივია, მასზე განხილული იქნება რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო.
“მნიშვნელოვანია რომ ამ მინისტერიალზე პირველად, ისევე როგორც სამიტის დროს გაიმართება ცალკე შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. მნიშვნელოვანია რომ შეხვედრა კონცენტრირებული იქნება რეგიონალური უსაფრთხოების კონტექსტზე. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი ნატოს წინა სამიტზე, სადაც საქართველომ უკრაინასთან ერთად უპრეცედენტო ფორმატში მიიღი მონაწილეობა და ასევე მიღებულ იქნა დეკლარაცია განსაკუთრებით პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით შავ ზღვაზე. გვექნება საუბარი ამ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გადაწყვეტილებების პრაქტიკულ განზომილებაში თარგმნა” - განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით შავ ზღვაზე თანამშრომლობის კუთხით ნატოს ბრიუსელის სამიტზე რამდენიმე კონკრეტული მიმართულება უკვე იქნა განსაზღვრული და ამ მიმართულებით გააქტიურება მნიშვნელოვანია.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხთა სრული სპექტრი იქნება განხილული.
“ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები პრაქტიკული ინსტრუმენტების განხორციელების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ასევე ითარგმნოს პოლიტიკურ განზომილებაში და წევრობის პერსპექტივაში”- განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ნატოელი პარტნიორების ყურადღება მიპყრობილი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც 4-5 დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან გაიმართება.
