ეკა ბესელია რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგნელებს შეხვდა
ეკა ბესელია რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგნელებს შეხვდა
19:44 03.12.2018
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგნელებს შეხვდა.



როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაიწყო მუშაობა საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის ორ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ერთი სარჩელი ეხება საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლს, ხოლო მეორე სარჩელი - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-61 მუხლის ჩანაწერს.



„ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა, რომ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის შემდეგ აღნიშნული მუხლები ძალადაკარგული იქნება. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს დაევალა შეიმუშაოს ახალი რეგულაციები.



ჩვენ გვინდა, რომ პოზიციის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე, ამ დიალოგის ფარგლებში, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, გავუზიაროთ ერთმანეთს შეხედულებები, გავეცნოთ პოზიციებს. კონსულტაციების შედეგად, გარკვეულ ფორმულირებაზე ვიფიქრებთ და ამ დროში ცვლილებებს მოვამზადებთ. ჩვენ მაქსიმალურად ღია ვართ ამ დიალოგისთვის“,-აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.



საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილება ეხება საგადასახადო შეღავათების ზოგადად პრაქტიკას რელიგიური გაერთიანებებისათვის, ხოლო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება - სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ქონებრივ საკითხებს.



რელიგიურ ორგანიზაციების წარმომადგნელებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძე და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წამომადგენლებმა.



როგორც ეკა ბესელიამ შეხვედრის დასასრულს განაცხადა, კომიტეტი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში კონსულტაციებს და დიალოგს გააგრძელებს როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.



„საბოლოოდ შევჯერდებით იმ ფორმულირებაზე და ვიპოვით ისეთ შუალედს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ვიპოვოთ სამართლებრივი გზა. ეს არის ჩვენი სამუშაო პროცესის მიზანი“,- აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.




ბეჭდვა