საპარლამენტო არჩევნებში მონაწილების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე ხუთი საარჩევნო სუბიექტი დარეგისტრირდა.
ცესკო-ს მონაცემებით, 25 ივლისის
მდგომარეობით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილოებისთვის რეგისტრაცია „ახალმა მემარჯვენეებმა“, „მერაბ კოსტავას საზოგადოებამ“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველომ“ და „საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ“ გაიარეს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ მისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნებიდან არა უგვიანეს 57-ე დღისა.
თუ პარტია არ არის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი, ვალდებულია არაუგვიანეს 15 აგვისტოსა ცესკოს 25 ათასიანი, ხოლო კვალიფიციურმა სუბიექტმა პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერთა სულ ცოტა - 1 000 ამომრჩევლის სია წარუდგინოს.
რაც შეეხება საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციას , არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 43-ე დღისა ცესკოს უნდა წარედგინოს ბლოკში შემავალი ყველა პარტიის უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების მიერ ხელმოწერილი განცხადება და საარჩევნო ბლოკის წესდება.
პარტიას, რომელმაც გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, უფლება აქვს, საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შევიდეს რეგისტრირებულ საარჩევნო ბლოკში, რისთვისაც საკმარისია ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგინოს სათანადო განცხადება და საარჩევნო ბლოკის თანხმობა.
საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში.
არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
საქართველოს პარლამენტის 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.
