საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კახეთის
რეგიონში ლევან ბეჟაშვილი სოფელ კურდღელაურში ახალგაზრდა მოხალისეებს შეხვდნენ.
ახალგაზრდები 19 ივლისს მომხდარი სტიქიის მიერ კახეთის რეგიონის სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვის მიყენებული ზარალის ზუსტ აღწერაზე იმუშავებენ.
მთავრობის წარმომადგენლებმა მოხალისეებს ზარალის აღწერის პროცესის დეტალები გააცნეს და მათ კონკრეტული დავალებები მისცეს.
ჭიაბერაშვილმა და ბეჟაშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლებისთვის უკვე გაწეულ დახმარებასა და სოფლებში დღეისთვის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.
300 ადგილობრივი ახალგაზრდისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი დღეს თელავში, ასევე გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის რაიონის ორმოცამდე სოფელში სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მოინახულებს.
მოხალისეები სპეციალური კითხვარის საშუალებით, ადგილზე აღწერენ თითოეული ოჯახისთვის სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს. ასევე, შეისწავლიან განხორციელდა თუ არა დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია, მიიღო თუ არა თითოეულმა დაზარალებულმა ოჯახმა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი შხამქიმიკატები და სასურსათო დახმარების პაკეტი.
აღწერის შედეგებს მოხალისეთა ჯგუფი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საკოორდინაციო შტაბს წარუდგენს.
