საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა მალაშხიას შეფასებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნიკიტა
ხრუშოვის დანატოვარ ფეხსაცმელს გაეროს ისევ „უბრახუნებს“, მაგრამ მას წონა აღარ აქვს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ მალაშხიამ პუტინის მიერ ატომური იარაღის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას განუცხადა.
„ადრე ხრუშოვი გაეროში ფეხსაცმელს „აბრახუნებდა“, მაგრამ მაშინ რუსეთი მსოფლიოს 1/6-ს აკონტროლებდა, ახლა პუტინი იგივე ფეხსაცმელს „აბრახუნებს“იგივე გაეროში, მაგრამ მის ფეხსაცმელს წონა აღარ აქვს“ - აღნიშნა მალაშხიამ.
დეპუტატის თქმით, პუტინი განცხადებით, რომ ატომური იარაღი რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის გარანტიაა, ცივლიზებული მსოფლიოს დაშინებას ცდილობს, თუმცა, მისი მუქარის უკან არაფერი დგას.
„მსოფლიო საზოგადოების მიდგომაა, რომ დიქტატორული რეჟიმები არ უნდა არსებობდნენ და რამდენიც არ უნდა დაიცვას რუსეთმა დიქტატორული რეჟიმი, ის მაინც კრახით დასრულდება“ - აღნიშნა მალაშხიამ და დასძინა, რომ ამას პუტინიც ხვდება და სწორედ ამიტომ დაიწყო აზროვნება, როგორც „კგბ-ს მაიორმა“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ატომური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის მთავარი გარანტიაა.
