თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და „ინეგოლის
კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი ჯანჯღავა და გენერალური კონსული, ინგა კიკვაძე ვიზიტით ქალაქ ინეგოლს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართველმა დიპლომატებმა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა დაესწრო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, ფონდის „ქართული გალობა“ და „ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ წიგნის პრეზენტაციას, სახელწოდებით - „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“. აღნიშნული პრეზენტაცია პიტერ გოლდის მიერ 1968 წელს, ქართული ხალხური კულტურის შესწავლის მიზნით სოფელ ჰაირიეში ჩატარებული ექსპედიციის 50-ე წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე გიორგი ჯანჯღავამ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საქართველოს ელჩმა საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების შესახებ ისაუბრა. ასევე, გიორგი ჯანჯღავამ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების საკითხში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა თურქეთში ქართველი კულტურული მოღვაწის, აჰმეთ ოზქან მელაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.
