დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
დავით ზალკალიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
16:21 26.11.2018
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იგორ დოლგოვთან შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დასაწყისში, უკრაინის ელჩმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის თაობაზე გაკეთებული დროული განცხადებისათვის მადლობა გადაუხადა. იგორ დოლგოვმა დავით ზალკალიანს უკრაინაში არსებული ვითარების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდ, რომელიც დადგა მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში ვითარების ესკალაციის შემდეგ, რომლის შედეგად უკანონოდ არის დაკავებული ორი უკრაინული სამხედრო გემი, ერთი ბუქსირი და ეკიპაჟის ყველა წევრი, რომელთაგან რამდენიმე არის დაჭრილი.

უკრაინის ელჩმა, რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება გაერო-ს წესდების და საზღვაო სამართლის შესახებ გაერო-ს კონვენციის უხეშ დარღვევად შეაფასა და დასძინა, რომ უკრაინა უპირველეს ყოვლისა აღნიშნული პრობლემის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარებას ეცდება. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და მკაფიო პოზიცია აღნიშნულ საკითხზე.

თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინულ გემებზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მთელი რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და უკრაინას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა.

ბეჭდვა