რომან კაკულია ტაილანდის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა
რომან კაკულია ტაილანდის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა
13:09 26.11.2018
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ტაილანდის პარლამენტის ეკონომიკის, ფინანსებისა და მონეტარულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ეკონომიკური განვითარების მოდელზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფონზე საქართველოს ეკონომიკის წინაშე დადგა. სტუმრები დაინტერესდნენ, დაბალი გადასახადების პირობებში, როგორ ხდება საქართველო სოციალური დაცვის პროგრამებისათვის სათანადო თანხების აკუმულირება. ტაილანდელი პარლამენტარები საქართველოში არსებული კონკურენტული გარემოთი და იმ უპირატესობებით დაინტერესდნენ, რითაც ინვესტორი შეიძლება დაინტერესდეს.

ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდგომარეობიდან და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებულ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრეს. რომან კაკულიამ სტუმრებს ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკის სფეროში არსებული რესურსები და შესაძლებლობები გააცნო. საუბარი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, წყლის რესურსებისა და სოფლის მეურნეობაში არსებულ პოტენციალს შეეხო.

ტაილანდელმა პარლამენტარებმა საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტაილანდში მიიწვიეს, სადაც მომავალ წელს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით არსებული გამოცდილებების გაზიარების მიზნით აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პარლამენტარების ფორუმი გაიმართება.
ბეჭდვა