ლაშა დარსალია საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
ლაშა დარსალია საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა
18:22 22.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. OSCE/ODIHR-ის საქართველოში ვიზიტის მიზანია სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობასთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისსა (OSCE/ODIHR) და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ კუთხით, საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან აქტიურად თანამშრომლობს.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს (OSCE/ODIHR) მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და მათი უფლებების უხეშ დარღვევებზე, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობაზე.

ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლები ასევე შეხვდებიან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

ბეჭდვა