"ევროპული დემოკრატების" ლიდერი პაატა დავითაია იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სპეციალური სახელმწიფო დასაქმების პროგრამის მომზადების ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული განცხადება მან პარლამენტში პოლიტიკურ დებატებზე გამოსვლისას გააკეთა.
პაატა დავითაიას შეფასებით, დევნილებს უნდა შეეძლოთ საკუთარი ხელფასით გადასახადების გადახდა.
მან ასევე, დენის ტარიფზე დასუფთავების გადასახადის მიბმაც გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის მიუხედავად, გადაწყვეტილება არ შეცვლილა.
"კატასტროფულად გაძვირდა საკვები და პირველადი მოხმარების საგნები. ცხოვრების გაძვირებას და გასულ წელს ინფლაციის მაღალ მაჩვენებელს თან არ ახლდა შემოსავლისა და ხელფასების ზრდა. პენსიებმა კი, მხოლოდ მიზერულად მოიმატა, რაც აშკარად შეუსაბამოა გაძვირების დინამიკასთან", - განაცხადა მან.
დავითაის სტატისტიკური მაჩვენებლები მოჰყავს და აცხადებს, რომ 2011 წლის დეკემბრის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ერთიან ბაზაში მოსახლეობის 36,5% შედის. აქედან 8,7% უკიდურესად ღატაკია.
