პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კავკასიელ ხალხებთან
ურთიერთობის პოლიტიკის საკითხებსა და მათთან კონტაქტების გაღრმავებისათვის საჭირო მექანიზმების შემუშავებაზე იმსჯელეს.
სხდომაზე საკითხი განსახილველად კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა და კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის მიმართულებით კომიტეტის საქმიანობის გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით განსახორციელებელი ნაბიჯები კომიტეტის სამოქმედო გეგმაში აისახოს და მნიშვნელოვანია, რომ ამ გეგმის შემუშავებაში კომიტეტის თითოეულმა წევრმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ საკითხების გადაწყვეტაში ასევე, კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო უნდა გააქტიურდეს.
ირაკლი მეზურნიშვილმა უახლოესი პერიოდის გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით, 17-20 დეკემბერს იგეგმება ცნობილი ჩერქეზი საზოგადო მოღვაწის, მხატვრისა და მწერლის თეუცვაჟ ყატის მოწვევა. ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყობა მისი ნახატების გამოფენა, გაიმართება ჩერქეზი ხელოვანის შემოქმედებითი საღამო, მას აგრეთვე უმასპინძლებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი.
„ქართული სახელმწიფოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს და განამტკიცოს კავკასიის რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრის ფუნქცია. ამ თვალსაზრისით, გადაუდებელ ამოცანად გვესახება მეცნიერების ინტერდისციპლინური დარგის - კავკასიოლოგიის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებების დროული იმპლემენტაცია“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში, კავკასიოლოგიის კუთხით, საკომიტეტო მოსმენებზე მთავრობისადმი გარკვეული რეკომენდაციები უკვე შემუშავდა. კერძოდ, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიმართ. რეკომენდაციები მიზნად ისახავს: კავკასიოლოგიის შემდგომი განვითარების მიმართ მხარდაჭერას, მის დამოუკიდებელ სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებად ჩამოყალიბებას; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მეგა-პროექტისადმი - „კავკასიურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონის მონაცემთა ბაზა“ ხელის შეწყობას; კავკასიათმცოდნეობის დარგში საერთაშორისო კვლევებისადმი მხარდაჭერას; საერთაშორისო კავკასიოლოგიური უნივერსიტეტის (ICU) დაფუძნებაში მონაწილეობის მიღებას და სხვა.
„მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია კომიტეტის წევრების აქტიური თანამშრომლობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ამ რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება, რაც კონკრეტულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმის საბოლოო ვარიანტზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შეჯერდებიან.
