კოალიცია „ქართული ოცნების“ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სოფელ ბეჩოს მოსახლეობას შეხვდა. როგორც კოალიციის
ლიდერის ოფიციალურ facebook-ის გვერდზეა ნათქვამი, მოსახლეობასთან შეხვედრა სკოლის ეზოში გაიმართა, რამაც სკოლის დირექტორის გაღიზიანება გამოიწვია და შეკრებილებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
კოალიციის მესტიის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, სკოლის დირექტორები ორი დღის წინ პოლიციაში დაიბარეს და შესაბამისი ინსტრუქციები მისცეს.
კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სოფელ ლატალშიც იმყოფებოდა სადაც ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი პრობლემებით დაინტერესდა.
"ხელისუფლება ვალდებულია მოემსახუროს ხალხს და ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. მას მოსახლეობა მხოლოდ არჩევნების წინ არ უნდა ახსენდებოდეს"-განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილის facebook-ის გვერდზეა ნათქვამი, ლატალის მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ ბრძოლაში მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა. სწორედ სოფელ ლატალიდან იყო წარმოშობით სანდრო გირგვლიანი. ადგილობრივებმა კოალიციის ლიდერს სანდროს წინაპრების საფლავზე მიუთითეს და აღნიშნეს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ მთელი სოფელი დარაზმული და ერთსულოვანია უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
