პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი გერმანიის რესპუბლიკის
ელჩის მოადგილეს, მიხაელ ფაბრის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ძირითადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს, კერძოდ, კი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ გარემოებებზე.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირმა ინაშვილმა სტუმარს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე მიაწოდა ინფორმაცია.
„როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამ დღეებში ვხვდები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მივაწოდო ჩვენი პარტიის ანალიზი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, გავაანალიზოთ პროგნოზები როგორ ჩაივლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. მე მათ ვაწვდი ინფორმაციას, თუ რეგიონებში როგორ ტარდება საარჩევნო კამპანია, რა სირთულეებია, რა საინფორმაციო კამპანია აწარმოა ნაციონალურმა მოძრაობამ და როგორ უნდა შეწყდეს ასეთი შავი პიარის გამოყენება პოლიტიკური კონკურენტების მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ირმა ინაშვილმა.
როგორც ვიცე-სპიკერმა განაცხადა, შეხვედრაზე ასევე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სავარაუდო შედეგებზე ისაუბრეს.
„ჩვენი პარტია ამ ეტაპზე მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. შესაბამისად, მივაწოდე ჩვენი ახსნა და ჩვენი ანალიზი იმისა, თუ რატომ გადავწყვიტეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ვისაუბრეთ ასევე რეზოლუციაზეც, რომელიც „საქართველოს პატრიოტებს“ წარდგენილი აქვთ პარლამენტში და რაც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობისათვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემას ითვალისწინებს. ამ რეზოლუციაზე კენჭისყრა, სავარაუდოდ, პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე, არჩევნების შემდეგ მოხდება“, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული საარჩევნო ვითარება გააანალიზეს.
„მიმაჩნია, რომ აუცილებელია შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, საარჩევნო კოდექსი, კონკრეტულად და საარჩევნო გარემო ქვეყანაში, რომ ბოლოს და ბოლოს იყოს დაცული კანდიდატების ღირსებაც, კანდიდატების საარჩევნო უფლებებიც და თვითონ ამომრჩევლის ხმაც და ამომრჩევლის ინტერესიც“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
