საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
15:58 20.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

სხდომას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია უძღვებოდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირებმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ლაშა დარსალიამ საგარეო პოლიტიკის დაგეგმვის კუთხით არსებულ ზოგად ტენდენციებზე ისაუბრა და სხდომის მონაწილეებს 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა დოკუმენტზე მუშაობაში უწყებათაშორისი კოორდინაციისა და პროცესებში საზოგადოებისა და საექსპერტო წრეების ჩართულობის მნიშვნელობას.

საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაც დამტკიცდა, რომელიც უშუალოდ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ჩაერთვება.

2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს შეიქმნა.

ბეჭდვა