დავით ზალკალიანი: ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატია
დავით ზალკალიანი: ბრიუსელში დაგეგმილი მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირთან ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატია
13:00 20.11.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი, რომლის პირველი შეხვედრაც ბრიუსელში ხვალ, 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თავისი შინაარსით უპრეცედენტოა და მსგავსი ფორმატი ევროკავშირს სხვა აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან არ გააჩნია.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, ბრიუსელში გამგზავრების წინ განაცხადა.

„ეს არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის უპრეცედენტო ფორმატი, რა დროსაც გაიმართება საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრა. მსგავსი სახის ფორმატი, აღმოსავლეთ პარტნიორობის არცერთ ქვეყანას არ გააჩნია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ მომავალზე, იმ ახალ იდეებსა და წინადადებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის, ასევე სერიოზული მზაობა არის ევროკავშირის მხრიდან, იმისათვის რომ გვქონდეს შინაარსიანი საუბარი სექტორული თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ ეს შეხვედრა კარგი საშუალება იქნება იმისა, რომ ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს იმ ძირითადი მიმართულებებით, როგორიც გახლავთ ეკონომიკა, განათლება, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება“-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, რომ აღნიშნულ შეხვედრას თორმეტი კომისარი ესწრება, რაც მაღალი ჩართულობის მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ქართული მხრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი უხელმძღვანელებს. შეხვედრაში მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მთავრობის წევრები და ევროკომისრები მიიღებენ.
ბეჭდვა